ტრადიციული ხელოსნობა და ხელსაქმე

                    
                      
                        საპნის მომზადების ტექნოლოგია



სვანეთში,  საპონს  უძველესი დროიდან ადგილზე ამზადებდნენ. სახლის პირობებში მომზადებული საპონი, არაჩვეულებრივი სარეცხი და დასაბანი საშუალება იყო. მისი დამზადებისათვის საჭიროა მხოლოდ ნაცარი და ღორის ან საქონლის ქონი.
    თავდაპირველად აგროვებენ დიდი რაოდენობით  წიფლის ხის ნამწვისაგან მიღებულ ნაცარს, რადგანაც იგი მოთეთრო ფერისაა, შემდეგ მოათავსებენ გოდორში ან  ნახვრეტებიან ჭურჭელში, შუაში ამოაღრმავებდნენ და შიგ  პერიდულად თბილ წყალს ასხამენ, ნაცარი წყლით იჟღენთება და ჩამონაწური  წყალი  ქვეშ მდგარ ჭურჭელში გროვდება რომელსაც თან წვრილი ნაცრის ნალექი მოყვება. ამ ნაცრიან წყალს ჩვენში „ჰერამი „ჰქვია  მას მათეთრებლადაც იყენებდნენ.  შემდეგ „ ჰერამს“  ქვაბში ასხამენ და ცეცხლზე შემოდგამე, მას დიდხანს ადუღებენ, სანამ არ განახევრდება  და სქელი მასა არ დარჩება, ამის შემდეგ მას უმატებენ საქონლის ან ღორის ქონის გარკვეულ დოზას, ეს დამოკიდებულია ნაცრის მასაზე.  თუ ქონი აკლია, საპონი ფშვნადია და რეცხვისას თეთრ ლაქებს ტოვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ქონი საჭირო რაოდენობით დაემატოს.  ამ ნაცრისა და ქონის ნაზავს ისევ ხარშავენ, სანამ მასა ცომივით სქელი არ გახდება, შემდეგ ათავსებენ პატარ-პატარა ყალიბებში, ფორმის მისაღებად, საიდანაც მალევე, თბილს გადმოაგდებენ და შეახვევენ პირსახოცში, ამ პირსახოცში გახვეულს ტკეპნიან და ამაგრებენ, შემდეგ აწყობენ ფიცრის ნაჭერზე გამოსაშრობად.

    ასე მომზადებული საპონი დიდხანს ინახება, ოჯახი ერთ მოხარშვაზე 3-4 თვის მარაგს  ხარშავდა, რადგანაც საპნის საბოლოო დასრულებას  დაახლოებით 5-8 დღე სჭირდება და შრომატევად საქმეს წარმოადგენს ხშირად რამდენიმე ოჯახი ერთად ხარშავდა საპონს, რათა  გაეადვილებინათ ურთიერთ თანადგომით საქმე.

                                                უღელი
ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართო გამოყენება აქვს უღელს,რომლის დამზადება გლეხს თავად უწევს სახლის პირობებში, მარტივი ხელსაწყოებით. მისი დამზადება  ხდება ცულის სალაშენისა და  ბურღის მეშვეობით, ხოლო გაკრიალება დანით.
უღელი- უღვა აუცილებელი სამეურნეო ნივთია, რადგანაც ხარების გამოყენება ტვირთის  გადასაზიდად  მარხილის მისაბმელად უღელის გარშე წარმოუდგენელია.
ხარი ძირითადი გამწევიდა მუშა ძალა სავანეთში.მათი საშუალებით ხდება ხვნა-თესვა,მოსავლის აღება-დაბინავება, თივის ზიდვა,ამიტომაც უღელი ყველა ოჯახშია აუცილებელი,საჭირო ნივთია.უღელი მზადდება ძირითადად კოპიტის ხისაგან.
მასალას დიდი სიზუსტით არჩევენ, სამასალე ხე უნდა იყოს სწორი და თანაბარი.სამასალე ხეს ადრე გაზაფხულზე  ჭრიან,რადგანაც ხე ამ  დროს წვიმისაგან გაჟღენთილია და ადვილია მისი კანის შემოცლა. შემდეგ გათლიან, გაასწორებენ
,თავსა და ბოლოში ამოიღებენ გულს, შეღრმავებულ ფორმას მისცემენ, ხარის კისრის ზომაზე, ის ორ ადგილას იხვრიტება და მასში არჭობენ წინასწარ გამოთლილ ხის ვიწრო ჯოხს, რომელსაც ქვია  „ლასმანი“.  „ლასმანის“ მეშვეობით ხდება ხარების კისერზე უღელის დამაგრება.  „ლასმანის“ ბოლოში გამობმულია წვრილი თოკი, რომლის ერთი ბოლო მუდმივად დამაგრებულია, ხოლო მეორე მოძრავი. უღელის შუაში  მარხილის ჯაჭვის გამოსაბმელ ადგილზე აკრავენ ტყავს, რათა ჯაჭვმა ხახნუნმის შედეგად მალე არ გაცვითოს უღელი.
   უღელი ორი სახის გვაქვს: ორი ხარისათვის და ერთი ხარისათის, რომელსაც „ლამეშხი“ ქვია. „ლამეშხი“ მომცრო ზომის უღელია, ის ძირითადად  გამოიყენება როცა მცირე ზომის ტვირთია საზიდი ან მსუბუქი სამუშაოა შესასრულებელი გუთნით,მისი დამზადების ტექნილოგია იგივეა,როგორიც დიდი უღელის.

ამრიგად  უღელი  ერთადერთი  უძველესი სამეურნეო ნივთია, რომელსაც  თანამედროვეობამ სვანი გლეხის ცხოვრებაში მეტიქეობა ვერ გაუწია,მას ყველა ოჯახში ამზადებენ საჭიროებისამებრ.



კ                                                        კამკები  ანუ   ციგურები
  სვანეთის ხანგრძლივი ზამთარი და უხვი თოვლი ბავშვებში  ყოველთვის აღტაცებასა და სიხარულს იწვევს. თოვლში სასრიალოდ ჩვენში იყენებენ „ კამკებს“ ანუ ციგურების  მსგავს სასრიალო მოწყობილობას, რომელსაც ამზადებენ ხისაგან მარტივი ხელსაწყოების დახმარებით. მათი დამზადება თითქმის ყველა ახალგაზრდამ იცის.
  „ კამკების“   დამზადება თაობიდან თაობას უძველესი დროიდან გადაეცემოდა, ის შეიძლება ითქვას თხილამურების წინამორბედია, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:    წიფლის ხისაგან ცულით გამოთლიან ორ ცალად თხილამურების მასგავსი მოყანილობის სადგამებს, კარგად გაასლაშინებენ, გააპრიალებენ მინის ნატეხით ან დანით,  რომ  თოვლი არ მიეკროს,  შემდეგ  მფლობელის  ფეხის ზომის მიხედვით ოდნავ გახვრეტენ და შიგ ამაგრებენ თხილის ტოტისაგან დამზადებულ სახელურებს, რომლის სიმაღლე ასევე დამოკიდებულია პატრონის სიმაღლეზე.
   ასე მარტივად მომზადებული „კამკები“  არაჩვეულებრივი სისწრაფით  დაშვების საშუალებას იძლევა სასრიალო ტრასაზე.

   ამგვარი მოწყობილობა, გარდა იმისა, რომ ბავშვების თვშესაქცევს წარმოადგენდა, არაჩვეულებრივი საშუალებაა მოზარდის  გაკაჟებისათვის, სხეულის მართვისა და წონასწორობის დაცვის გამომუშავებისათვის.
                                                 
                                                  მარხილი                                          
უძველესი დროიდან ტვირთის გადაზიდვისა და გადაადგილების საშუალებას წარმოდგენდა მარხილი, სვანურად „სავ“. მიუხედავად შესაბამისი სამეურნეო ტექნიკური აღჭურვილობის არსებობისა, მარხილს მისი ფუნქცია არ დაუკარგავს. თანამედროვე ტექნიკის გვერდით, მარხილი ფართოდ გამოიყენება სვანეთში, როგორც ტვირთის გადასაზიდი საშუალება. მარხილის საშუალებით ხდება სათიბებიდან თივის, ტყიდან შეშის ზიდვა და სხვა მძიმე ტვირთვის გადაადგილება.
        მარხილი ორგვარია, მოკლე და გრძელი. მოკლე მარხილს „ჩავ“ ეწოდება, “ჩავი“ მოკლე და ყუთივით  შეკრულია დაახლოებით 50 მეტრი სიგრძისაა. ის ძირითადად საყოფაცხოვრებო ტვირთის, სამშენებლო მასალის და ყანებში ბიოსასუქის გადასატანად იყენებენ.
       გრძელ მარხილს თივისა და შეშის მოსაზიდად იყენებენ, ის დაახლოებით 2 მ. სიგრძისაა, სიგანით კი 1 მეტრი.
       მარხილის დამზადება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მას ძირითადად ზამთრის პერიოდში აკეთებენ,  რათა საველე სამუშაოების  დაწყებამდე  მზად ჰქონდეს გლეხს.
        მარხილის დასამზადებლად, პირველ რიგში საჭიროა ტყეში შეირჩეს საშუალო სისქის, ქვედა მხარეს  მოკაუჭებული ნაძვის ხის წყვილი ძელი. შინ მიტანილ სამარხილე ფეხსქ ქვედა მხარეს წათლიან,  მოასწორებენ, რათა ძირი ბრტყელი იყოს, ხოლო მოკაუჭებულ თავებს ბურღით გახვრეტენ, შუაში საშუალო სისქის ძელს გაუყრიან,(მას ლეჯვრანი ეწოდება)ძელის სიგრძე დამოკიდებულია იმაზე თუ რა სიგანის მარხილის გაკეთება სურს პატრონს. ეს ძელი ერთმანეთთან აკავშირებს ფეხებს რაზეც შემდეგ იწყობა მარხილის ზედა ნაწილი. ასე შეკრული საყრდენი ფეხები, იხვრიტება სამ ადგილას მთელი სიზუსტიტ, ორივე მხარეს ერთიდაიგივე ადგილზე. ამ ნახვრეტში ჩასვამენ წინასწარ გამოთლილ სამკუთხედის ფორმის ხის ნაჭერს, რომელიც მოგრძო ძელაკით ბოლოვდება, მას „ფეკვნილს“ უწოდებენ. სამკუთხედის წვერო ქვევით ფეხისკენაა მიმართული, ხოლო მოგრძო ნაწილი ზევით. მასზე მაგრდება სქელი ფიცრის ნაჭერი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს იქითა და აქეთა ფეხებს, მთელ სიგრძეზე, სამი ასეთი ნაჭერი მაგრდება, ის ასევე საყრდენს წარმოადგენს, მარხილის ზედაპირისათვის ანუ „ფაცერისათვის“ ასე შეკრულ მარხილის კორპუსზე, მთელ სიგრძეზე აჭედებენ ახლო-ახლო თხილის წნელებს, ან ფიცარს, რომ ტვირთი დაკავდეს და არ ჩაიყაროს ძირს. 

No comments:

Post a Comment